აღდგომა
აღდგომა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქსე-ს თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.
.აღდგომა უდიდესი დღესასწაულია!
-ქრისტე აღსდგა!
-ჭეშმარიტად!
ბზა
ბზა (Buxus), ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები. შეიცავს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (Buxus sempervirens); წვრილფოთოლა ბზა (Buxus microphylla); იაპონური ბზა (Buxus japonica) და ბალეარული ბზა (Buxus balearica).
ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. ზოგჯერ ივითარებს ფესვისა და ძირკვის ამონაყარს. შეკრულ ხეთადგომაში ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 40-60 წლის ასაკში, ეულად მდგომი - 15 წლის ასაკიდან. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ (ძირითადად კოჟრებს) სხვადასხვა ნაკეთობისათვის; კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით. ბზის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს; ქერქისა და ფოთლების ნატენს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს (განსაკუთრებით ფოთლები) ალკალოიდ ბუქსინს. თესლში 37%-მდე ზეთია. თაფლოვანი მცენარეებია. აფრიკასა და ზოგიერთ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანაში ნამდვილ ბზას ცვლის აფრიკული ბზა ანუ "კამასი" (Gonioma kamassi), რომელიც სხვა გვარსა და ოჯახს განეკუთვნება. მისი მერქანი ემსგავსება ბზისას
ბზობა
ბზობა, ბაიაობა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს (აქედან ქართული „ბზობა“), რუსეთში — ტირიფი (верба > „вербное воскресенье“).
No comments:
Post a Comment